კელი დეგნანი - კრიზისი, დაძაბულობა რუსეთმა შექმნა, ვართ დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რუსეთის აგრესიის უკან, საქართველო ჩავრთეთ ყველა კონსულტაციაში და გვაქვს ახლო კომუნიკაცია
კელი დეგნანი - კრიზისი, დაძაბულობა რუსეთმა შექმნა, ვართ დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რუსეთის აგრესიის უკან, საქართველო ჩავრთეთ ყველა კონსულტაციაში და გვაქვს ახლო კომუნიკაცია

ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა.

„ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ კრიზისი და  დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რეალურად რუსეთის აგრესიის უკან, რა ამოძრავებს რუსეთს. ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა კონსულტაციაში და გვაქვს ახლო კომუნიკაცია“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ემუქრება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რამაც ევროპას, ევროპის ქვეყნებს სტაბილურად ყოფნის, მათ შორის საქართველოს უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდის საშუალება მისცა.

„ეს ის ფუნდამენტური პრინციპებია, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებით – თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ბევრი ისეთი ფუნდამენტური უფლება, რაც განმტკიცებულია, როგორც საქართველოს ისე აშშ-ის კონსტიტუციით. ჩვენი, აშშ-ის მიზანი არის, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას დიპლომატიური გზებით. სწორედ ამიტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჟენევაში შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ასევე, ენტონი ბლინკენი შეხვედრას გამართავს ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან საუბარს, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად“, – განაცხადა დეგნანმა.

დატოვე კომენტარი