კელი დეგნანი - გამოძიების ფედერალური ბიუროს იურისდიქცია ამერიკის ტერიტორიაზე ვრცელდება, მათი კომპეტენცია არ არის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ჩაერთოს
კელი დეგნანი - გამოძიების ფედერალური ბიუროს იურისდიქცია ამერიკის ტერიტორიაზე ვრცელდება, მათი კომპეტენცია არ არის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ჩაერთოს

გამოძიების ფედერალური ბიუროს იურისდიქცია ამერიკის ტერიტორიაზე ვრცელდება. მათი კომპეტენცია არ არის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში მხოლოდ მაშინ ერთვება, როდესაც საქმე ამერიკის მოქალაქეს ან ამერიკის ინტერესს ეხება.

„ოჯახს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ. ძალიან ვწუხვარ. ეს მართლაც უდიდესი ტრაგედიაა, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებიც შვილს კარგავენ. ვხვდები, რაოდენ ტკივილს განიცდის ეს ოჯახი შვილის დაკარგვის გამო. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცავი ორგანოა და მათი იურისდიქცია ამერიკის ტერიტორიაზე ვრცელდება. რაც შეეხება სხვა ქვეყნების პროცესებში მათ მონაწილეობას, ეს მაშინ ხდება, როდესაც საქმე ამერიკის მოქალაქეს ეხება, ან საკითხში ამერიკის ინტერესია. სხვა მხრივ, მათი იურისდიქცია ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ ძალიან შეზღუდულია. მათი კომპეტენცია არ არის, ამ საქმეში ჩაერთოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მისი ოჯახი ითხოვს.