კელი დეგნანი - ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში
კელი დეგნანი - ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში

ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. დეგნანმა მედიის როლზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მედია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის გამო.

გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში ლეგიტიმური და სანდო საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფას. დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდნენ ჟურნალისტებისადმი მოპყრობას საარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

დატოვე კომენტარი