კელი დეგნანი - ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია
კელი დეგნანი - ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია

ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩო არ იყენებს მის პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძისთვის დაუკისრებიათ სანქცია.

„ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები. ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მისივე თქმით, საელჩო ორიენტირებულია, გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა, რამაც განსაზღვრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.

„ეს იყო წარმატებული და პროდუქტიული პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რითიც ათასობით საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.