კელი დეგნანი - ჩემი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს რადას სპიკერთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ხდება გაუგებრობა, რომლის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა პირისპირ საუბარია
კელი დეგნანი - ჩემი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს რადას სპიკერთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ხდება გაუგებრობა, რომლის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა პირისპირ საუბარია

შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადას სპიკერთან, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ხდება გაუგებრობა, რომლის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა პირისპირ საუბარია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.

„დელეგაცია გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა უკრაინის სუვერენიტეტისა ​და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასე რომ, ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადას სპიკერთან. ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ხდება გაუგებრობა, მედიის და იმის გამო, რომ პირდაპირ საუბრის შესაძლებლობა არ არის. ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, გრძელდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის დაპირისპირება როდესაც ​არსებობს, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.

„ამ ერთიანობის ნახვა ახლა არის ძალიან გამამხნევებელი. ეს არის მომენტი, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათლად განაცხადონ, რომ სხვა ქვეყნის დაპყრობისთვის ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა ვერ იქნება შეწყალებული. ეს მიუღებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრა.

დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.