კელი დეგნანი - აშშ და საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში მრავალი წელია, მჭიდროდ თანამშრომლობენ და კარგი შედეგიც აქვთ
კელი დეგნანი - აშშ და საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში მრავალი წელია, მჭიდროდ თანამშრომლობენ და კარგი შედეგიც აქვთ

მზად ვართ და ამაყები ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან უწყებად დასახელების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„ეს არის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც აჩვენებს მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის ძალიან მნიშვნელოვან სფეროში, რაც არის ტერორიზმთან ბრძოლა. ეს არის, რასაც აშშ და საქართველო მრავალი წელია, აკეთებენ და კარგი შედეგიც აქვთ, როგორც ამას ეს პოზიტიური ანგარიში აჩვენებს. ჩვენ მზად ვართ და ამაყები ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში, რომელიც არის რისკი და საფრთხე ამ რეგიონშიც, ისევე, როგორც სხვაგან. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს საქართველოს მსგავს პარტნიორებთან, რათა დავძლიოთ ეს საფრთხე ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული.  დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებად არის დასახელებული.