კელი დეგნანი - არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე, ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე
კელი დეგნანი - არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე, ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე

ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე, ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე, ეს უბრალოდ არ არის სიმართლე, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„შეერთებული შტატები ძალიან აფასებს საქართველოს (უკრაინისადმი) მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე: ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად, იმ შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად რაც შეეძლო.

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე, ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე“,- განაცხადა კელი დეგნანმა.