კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა გამოვხატოთ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ
კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა გამოვხატოთ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

კელი დეგნანის თქმით, ძალიან კარგი დისკუსიები გაიმართა, რა დროსაც ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ვაშინგტონში მის შეხვედრებზე.

კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა გამოხატონ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

ელჩის განმარტებით, რაც შეეხება უკრაინას, მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

„ძალიან კარგი განხილვა გვქონდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პუტინისა და კრემლის მიერ წამოწყებული ტრაგიკული ომი. ომმა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს, ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ბავშვების. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემი შეხვედრები ვაშინგტონში და ის მხარდაჭერა, რომელსაც ვაშინგტონი გამოხატავს საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ მომენტში. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა გამოვხატოთ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. რაც შეეხება უკრაინას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა კელი დეგნანმა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას.