კეინის სადებიუტო მატჩში „ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი წააგო - 0:3 „ლაიპციგთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
კეინის სადებიუტო მატჩში „ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი წააგო - 0:3 „ლაიპციგთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაიწყო – გერმანიის სუპერთასზე 0:3 დამარცხდა „ლაიპციგთან“. არადა, მატჩის წინ მიუნხენელებს შესანიშნავი განწყობა ჰქონდათ – ოფიციალურად წარადგინეს ფორვარდი ჰარი კეინი.

პრობლემები თავიდანვე დაიწყო. უკვე მესამე წუთზე ჯარიმის ჩაწოდების შემდეგ ბურთი დაუგდეს დანი ოლმოს – ესპანელმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაურტყა სვენ ულრაიხს.

მეორე გოლი იმავე ოლმომ შესვენების წინ გაიტანა: საჯარიმოში ბურთი მიიღო ტიმო ვერნერისგან, ორი მცველი მოატყუა ზიდანის ფინტით და ერთი ერთზე გასვლა გამოიყენა.

„ბაიერნი“ ქმნიდა მომენტებს. პირველ ტაიმში კარგი შანსი ჰქონდა მატის ტელს, მაგრამ მან მეკარეს მოარტყა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ბაიერნს“ ზეწოლა ჰქონდა, მაგრამ მცირე ხნით და მომენტების რეალიზაციის გარეშე.

სამაგიეროდ, ოლმომ ჰეთ-თრიკი შეასრულა: ნუსაირ მაზრაუიმ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ესპანელმა პენალტი გამოიყენა.

მეორე ტაიმში შედგა ჰარი კეინის დებიუტი. ამდენი წელი „ტოტენჰემში“ უტიტულოდ თამაშის შემდეგ ინგლისელს შეეძლო, ახალ კლუბში პირველივე მატჩში მოეგო პირველი ტიტული, მაგრამ კარიერაში მეხუთე ფინალი (სამი – „ტოტენჰემში“, ერთი – ნაკრებში და ახლა – „ბაიერნში“) წააგო და გაიუარესა თავისი ნაღვლიანი სტატისტიკა. არადა, „ბაიერნი“ ზედიზედ სამჯერ იგებდა გერმანიის სუპერთასს, მაგრამ გუნდში მივიდა კეინი და ყველაფერი აირია.

„ბაიერნმა“ საკუთარ „ალიანც არენაზე“ წააგო. დანი ოლმო კი მხოლოდ მესამე ფეხბურთელი გახდა, ვინც „რეკორდმაისტერს“ ჰეთთრიკი შეუსრულა მისსავე მოედანზე. მანამდე ეს გააკეთეს დოდი ლუკებაკიომ („ფორტუნა“) 2018 წელს და რობერტ გლატცელმა („ჰაიდენჰაიმი“) 2019 წელს.

საინტერესოა, რომ „ბაიერნის“ ახალწვეულმა, კონრად ლაიმერმა ზედიზედ მეორედ წააგო გერმანიის სუპერთასი – შარშან ის „ლაიპციგში“ იყო და „ბაიერნისგან“ 3:5 მიიღო.

ცუდი ციფრები აქვს თომას ტუხელს. მან უკვე მეხუთე მატჩი წააგო „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ 13 მატჩში. ასე ცუდად 30 წელია, არავის დაუწყია. მსგავსი არადამაჯერებელი სტარტი ჰქონდა 1991-92 წლების სეზონში დანიელ სიორენ ლერბიუს. მან ოქტომბრიდან მარტამდე გაქაჩა, 17 მატჩის შემდეგ წავიდა და მწვრთნელად აღარ უმუშავია.

„ლაიპციგმა“ კი თავის ისტორიაში პირველად მოიგო გერმანიის სუპერთასი, სულ კი კლუბის არსებობის 14-წლიან ისტორიაში ეს მესამე ტიტულია – მანამდე „ხარებმა“ ორჯერ აიღეს გერმანიის თასი.

 

ბაიერნი-ლაიპციგი          0:3

გოლები: 0:1 ოლმო (3), 0:2 ოლმო (44), 0:3 ოლმო (68-პენ)

ბაიერნი: ულრაიხი, პავარი (46. მაზრაუი), უპამეკანო, დე ლიგტი (46. მინ-ჟაე კიმი), დევისი, კიმიხი (78. გორეტცკა), ლაიმერი (46. კომანი), სანე, მუსიალა, გნაბრი, ტელი (64. კეინი).

ლაიპციგი: ბლასვიხი, ჰენრიხსი (85. კლოსტერმანი), ორბანი, სიმაკანი, რაუმი, შლაგერი, ოლმო (78. კარვალიო), ზაივალდი, სიმონსი (78. ფორსბერგი), ვერნერი (64. შეშკო), ოპენდა (64. პოულსენი).