კახაბერ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ შემუშავდება პირობები, რომლის საფუძველზეც, „არემჯი“ გააგრძელებს ბოლნისში ოპერირებას
კახაბერ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ შემუშავდება პირობები, რომლის საფუძველზეც, „არემჯი“ გააგრძელებს ბოლნისში ოპერირებას

არემჯი ჯგუფის“ კორპორაციული დირექტორის, კახაბერ მჭედლიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეთანხმდება პირობებზე, რომლის მიხედვით კომპანია შეძლებს მუშაობის გაგრძელებას, რადგან ამ ეტაპზე მარნეულსა და ბოლნისში მოქმედი კარანტინი მათ თანამშრომლებს საწარმოსთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

„შეხვედრა იყო საკმაოდ დადებითი კონკრეტულად ჩვენი კომპანიისთვის. მოგეხსენებათ, გუშინ გამოცხადებული საკარანტინო მდგომარეობის გამო, ჩვენი კომპანია ფაქტობრივად გაჩერებულია. თუმცა, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჩვენი კომპანიის მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და დაგვპირდა, რომ უახლოეს ნახევარ საათში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენს მენეჯმენტთან ერთად ჩამოყალიბდება იმ ძირითად პირობებზე, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კომპანია გააგრძელებს ოპერირებას უახლოეს საათებში“, – აღნიშნა „არემჯი ჯგუფის“ კორპორაციულმა დირექტორმა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად მოხდეს ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნება და თვეებზე გადანაწილდეს ის კრიზისი, რაც დღეს დადგა.

„ჩვენ ვოპერირებთ სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დმანისი, ბოლნისი და თეთრიწყარო. შესაბამისად, ის საზღვარი სადაც ჩაიკეტა, ჩვენს თანამშრომლებს აღარ აძლევს საშუალებას, კომპანიაში რაიმე ფორმით მოხვდნენ. ასევე, გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მოხდეს ლოგისტიკური კორიდორის მოწყობა, რათა კომპანიაში მოვიდეს ის პროდუქცია, რათა შევძლოთ წარმოების გაგრძელება. სხვა შემთხვევაში, აზრი არ ექნება მუშაობას“, – განაცხადა კახაბერ მჭედლიშვილმა.