„კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელი - ხაჯიმბას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რამდენად რადიკალური იქნება სოხუმში მიმდინარე მოვლენები, დღევანდელი დღე გადამწყვეტია
„კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელი - ხაჯიმბას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რამდენად რადიკალური იქნება სოხუმში მიმდინარე მოვლენები, დღევანდელი დღე გადამწყვეტია

ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური, ასევე კრიმინალის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა, – ამის შესახებ „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო აბრამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სოხუმში მოვლენების ასეთი სწრაფი სცენარით განვითარება მოულოდნელი იყო, თუმცა ცხადია, რომ აფხაზურ საზოგადოებაში დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიმართ უკმაყოფილება დიდი ხანია, არსებობს.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთში, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე კრიმინალის თვალსაზრისით. მოსახლეობა ძალიან გაწბილებულია და ხაჯიმბას რეიტინგი საკმაოდ დაბალია. სადაო მომენტი იყო 8 სექტემბერს გამართული ე.წ. არჩევნები. ოპოზიცია ცდილობს, სამართლებრივი გზით იბრძოლოს, მაგრამ დაბრუნდა მათი ლიდერი და ოპოზიციური ძალები ახალი ენერგიით ცდილობენ, ხაჯიმბას შეუტიონ“, – განაცხადა ვანო აბრამაშვილმა.

ამასთან, „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, სერიოზული განაცხადია დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

„დადგენილება, რომელიც დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო, სერიოზული განაცხადია, ისინი ხაჯიმბას მოუწოდებენ, ვადაზე ადრე გადადგეს. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა გზით წავა. ამაზეა დამოკიდებული რამდენად რადიკალური იქნება სოხუმში მიმდინარე მოვლენები. დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი, რადგან ხაჯიმბა და მისი უახლოესი გარემოცვა, შეკრებილნი არიან და მსჯელობენ. მუდმივად ჩანდა, რომ ხაჯიმბა ყოველთვის ძალაუფლებას ებღაუჭებოდა, ის საკმაოდ ხისტია გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ვანო აბრამაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, სოხუმში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის როლი გამოკვეთილად არ ჩანს.

„რუსეთის როლი მიმდინარე პროცესებში პირდაპირ, გამოკვეთილად არ ჩანს. ეს უფრო აფხაზური საზოგადოების განწყობის გამოვლინება იყო. თუ რუსეთი ჩაერევა, ალბათ უფრო მეტად ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებებში. ეს არაერთხელ გაუკეთებია და მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო აბრამაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.