„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, რომ საგარეჯოში დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია და კლინიკიდან დღეს გაწერენ
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, რომ საგარეჯოში დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია და კლინიკიდან დღეს გაწერენ

„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, რომ საგარეჯოში დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია. ამის შესახებ ექიმმა, ქირურგ-ოფთალმოლოგმა, რევაზ ომიაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ექიმის განცხადებით, პაციენტს კლინიკიდან დღეს გაწერენ.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს ერთ საათში ბინაზე გაეწერება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. ამ ეტაპზე საჭიროა დაკვირვება“, – განაცხადა რევაზ ომიაძემ.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.