კატრინ დიუმა - საფრანგეთი საქართველოს მიიჩნევს საიმედო პარტნიორად, მით უფრო, რეგიონში არსებული როლის გათვალისწინებით, საქართველო ევროკავშირისთვის საიმედო საყრდენია
კატრინ დიუმა - საფრანგეთი საქართველოს მიიჩნევს საიმედო პარტნიორად, მით უფრო, რეგიონში არსებული როლის გათვალისწინებით, საქართველო ევროკავშირისთვის საიმედო საყრდენია

საფრანგეთი საქართველოს მიიჩნევს საიმედო პარტნიორად, ის არის საიმედო საყრდენი ევროკავშირისთვის, მით უფრო,მ, რეგიონში საქართველოს როლის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კატრინ დიუმამ განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

კატრინ დიუმა იმედოვნებს, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს ევროინტეგრაციის გზაზე.

„შეხვედრაზე განვიხილეთ რიგი გეოპოლიტიკური გამოწვევები, მათ შორის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო და თქვენი რეგიონია. ვისაუბრეთ რუსეთ-უკრაინის ომზე. რასაკვირველია, კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც უკვე აქვს საქართველოს, ვისაუბრეთ შემდეგ ეტაპებზე. ბუნებრივია, საფრანგეთი კვლავაც და უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, საქართველოს მიიჩნევს საიმედო პარტნიორად. საქართველო არის საიმედო საყრდენი ევროკავშირისთვის, მით უფრო, რეგიონში საქართველოს როლის გათვალისწინებით, რომელიც აქვს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული გამოწვევების დარეგულირებაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ დიალოგს და საფრანგეთი მუდამ იქნება საქართველოს გვერდით. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ წინასწარ გვიჭირს, განვჭვრიტოთ, რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ. გეოპოლიტიკური გამოწვევები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პროცესებზე. იმედია, ვითარება იქნება ისეთი, რომ, ჩვენი დახმარებით და საქართველოს ძალისხმევით, გავაგრძელებთ ურთიერთობებს და საქართველო წარმატებას მიაღწევს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა კატრინ დიუმამ.