კატოვიცეში გამართულ გაერო-ს კონფერენციაზე 200-მდე ქვეყანა პარიზის კლიმატური შეთანხმების შესრულების გეგმაზე შეჯერდა
პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართულ გაერო-ს კონფერენციაზე 200-მდე ქვეყანამ, ორკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად, პარიზის კლიმატური შეთანხმების შესრულების გეგმა შეათანხმა. ამის შესახებ გაერო-ს კლიმატური კონფერენციის თავმჯდომარემ, პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხალ კურტიკამ განაცხადა. დაძაბული მოლაპარაკებების გამო კონფერენცია უფრო გვიან დაიხურა.
200-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის განსაზღვრის გამჭვირვალე წესებსა და ნორმებზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებულად ცხარე კამათი გამოიწვია მავნე ნივთიერებების გარემოში გამოფრქვევის კვოტების საკითხმა.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დედამიწა დარჩეს საცხოვრებლად ვარგისი და ამაზე პასუხს აგებს ჩვენი თაობა“, – განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, სვენია შულცემ.
2015 წელს გაფორმებული პარიზის კლიმატური შეთანხმების მთავარი მიზანი გლობალური კლიმატის ცვლილების დარეგულირება და პლანეტის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის 2°C-ზე დაბლა შენარჩუნებაა. მიზნის მიღწევისათვის ქვეყნებისთვის მთავარი ამოცანა კარბონის დიოქსიდის გამოყოფის შემცირებაა.
ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დედამიწის ჰაერის ტემპერატურის 1,5°C-ით და მეტით ზრდამ მსოფლიოში შესაძლოა, გრძელვადიანი და შეუქცევადი ცვლილებები და ზოგიერთი ეკოსისტემის განადგურება გამოიწვიოს.
პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების შესახებ 190-ზე მეტმა ქვეყანამ 2015 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი. აშშ-ი გლობალურ შეთანხმებას ოფიციალურად 2017 წლის ივნისში გამოეთიშა.