კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

14:18, 03.07.2026

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც საპატრიარქო წერს, შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„ელჩმა მის უწმინდესობას პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მისი ღვაწლი, ისაუბრეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ღირებულებებისა და ტრადიციების მნიშვნელობაზე, ასევე, ზოგადად, ხალხებს შორის ურთიერთობაზე. ელჩმა ისაუბრა იმ კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ თუ სხვა პროგრამებზე, რომლებიც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით ხორციელდება, ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი