კათოლიკოს-პატრიარქი - პრემიერს ვთხოვე, სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა, მითხრა, რომ ასე იქნება
კათოლიკოს-პატრიარქი - პრემიერს ვთხოვე, სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა, მითხრა, რომ ასე იქნება

მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა და გამოცემის ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, – განაცხადა ილია მეორემ.

თავის მხრივ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ზოგადად, მსოფლიო ცივილიზაციაში.”

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება.

„კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ამ უნიკალური წიგნების გამოსაცემად, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19-მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.