კატია კამერერი - საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზება უნდა მოხდეს
კატია კამერერი - საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზება უნდა მოხდეს

საქართველოში პროფესიული განათლების მეტი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რადგან ეს სფერო შრომის ბაზარს საკმაოდ მაღალანაზღაურებად დასაქმებას სთავაზობს. ამის შესახებ გერმანიის თანამშრომლობის კორპორაციის (GIZ) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების, პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის დირექტორმა კატია კამერერმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პროფესიული განათლების მნიშვნელობა და გამოწვევები განიხილეს. აქცენტი ე.წ. დუალურ პროფესიულ განათლებაზე გაკეთდა, რომელიც შრომაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდს გულისხმობს, სადაც სტუდენტი თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ერთდროულად ეუფლება.

გადაცემის მსვლელობისას კატია კამერერმა აღინიშნა, რომ დუალური პროფესიული განათლება, რომელიც ძალიან წარმატებული და პოპულარულია გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში, საქართველოშიც შეიძლება წარმატებით დაინერგოს. მან ასევე განმარტა, რომ GIZ მხარს უჭერს პროფესიული განათლების გავრცელებას და ამ რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.თუმცა მისი აზრით პროფესიული განათლების რეფორმა რომ დაჩქარდეს, დუალური პროგრამების პარალელურად მოკლევადიან გადამზადების პროგრამების განვითარებაც უნდა მოხდეს, რაშიც ბიზნესიც უნდა ჩაერთოს.

„მე ვფიქრობ, რომ დუალური განათლება ძალიან კარგი საწყისი წერტილია, მაგრამ თქვენ მეტი გჭირდებათ. ვფიქრობ, კერძო სექტორი სხვა პროფესიულ პროგრამებშიც უნდა იყოს ჩართული, იგივე მოკლევადიანი პროგრამების განვითარებაში. დუალური განათლება უფრო ხანგრძლივი 2-3 წლიანი პროცესია, მაგრამ საქართველოში მოთხოვნა ზრდასრულთა გადამზადებაზეც არის. ამიტომ მოკლევადიანი პროგრამებიც საჭიროა. შეიძლება დუალურიდან მოდულები აიღო, მათგან უფრო მოკლე პროგრამები შექმნა და რაც კერძო სექტორს სჭირდება, ის უზრუნველყო. ჩემი აზრით, აუცილებელია მუდმივი ორგანიზებული დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნები გათვალისწინებულ იქნას, რა უნარები და პროფესიები იქნება მომავალში საჭირო“, – განაცხადა კამერერმა.

მისი განმარტებით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განსაზღვრა სწრაფად და ეფექტურად რომ მოხდეს, ამ მიზნით GIZ-ი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად საპილოტე ონლაინ პლატფორმის გაშვებას აპირებს.

„ჩვენ ახლა ვიწყებთ შრომის ბაზრის მოთხოვნების სწრაფად შეფასების მეთოდის პილოტირებას სავაჭრო პალატასთან ერთად. ანუ სწრაფად რომ განვსაზღვროთ, შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში რა შეიძლება იყოს საჭირო. ეს არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებთან უკუკავშირზეა დაფუძნებული, რა ბიზნესების პერსპექტივა შეიძლება გამოჩნდეს, რა ახალი ბაზრები იქნება. ამ ბაზის განახლება სწრაფად და ხშირად უნდა მოხდეს. ხანგრძლივი კვლევებიც საჭიროა, მაგრამ აქ ონლაინ მოკლევადიანი სწრაფი გამოკითხვები უნდა მოხდეს. ეს არის სწორი მიმართულება“, – განაცხადა კამერერმა.

გერმანელი ექსპერტის თქმით, ინფორმაციის გაცვლის მსგავსი ფორმატი უკვე მოქმედებს ტურიზმის, სასტუმრო- რესტორნების ბიზნესსა და განათლების სამინისტროს შორის. თუმცა საჭიროა, რომ ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი უფრო დაიხვეწოს, რასაც დუალური სწავლება ხელს უწყობს.

„მათ (ბიზნესმა) უკეთესად უნდა გაუცვალონ ინფორმაცია საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რა პროფესიები დასჭირდებათ მომავალში. დუალური განათლება ხელს უწყობს, რომ ეს ორი სექტორი ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ისინი ნდობასაც ქმნიან, რაც აუცილებელია. კოლეჯი უნდა ენდობოდეს კომპანიებს, რომ იქ სწორად მიდის განათლება და პირიქით, კომპანია უნდა ენდობოდეს სკოლას, რომ სწორ და ხარისხიან განათლებას იძლევა. ეს ორმხრივი ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიაში დიდი ხანია ეს არსებობს და ძალიან კარგი იმიჯი აქვს. პროფესიულ განათლებაში სოციალურად აღიარებული და მაღალანაზღაურებადი პროფესიებია. იგივე საქართველოშიც შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად, სამშენებლო სექტორში. შეიძლება ხალხმა არ იცის, მაგრამ აქ ძალიან კარგი ხელფასებია და ამის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. აქ ბევრი უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ მათი კურსდამთავრებულები პროფესიით ვერ საქმდებიან. საქართველომ აქცენტი პროფესიულ განათლებაზე უნდა გააკეთოს. პროფესიულ განათლებაში სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ბევრი რამ მოხდება მომავალ წლებში ამ სფეროში. არის უკვე ტენდენცია, რომ პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის მოდერნიზება მოხდეს, რაც ტრენინგების უკეთ ჩატარების საშუალებას იძლევა. არის შესაძლებლობა, რომ ამაში კერძო სექტორიც ჩაერთოს. იმედია, რომ სტუდენტების რაოდენობაც გაიზრდება. GIZ -ი მზადაა, ამ პროცესს მხარი დაუჭიროს. იგივე დუალური განათლების კუთხით, რაც კარგი საშუალებაა რომ პროფესიული განათლების მოცულობა და ხარისხი გაიზარდოს“, – განუცხადა კატია კამერერმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი