კატეგორიზაციის პროცესი იწყება - სფფ სემინარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს #1TVSPORT
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თბილისის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა – მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პროცესს იწყებს – ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება სემინარი, რომელიც მიზნად ისახავს კატეგორიზაციის პროცესში ჩართული კლუბებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კატეგორიზაციის პროცესზე, კრიტერიუმებზე და ვადებზე. თბილისის შემდეგ, სემინარები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება და 31 მარტს დასრულდება.
სფფ-ის სკოლების კატეგორიზაციის მიზანია საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა ყველა დონეზე, სფფ-ის ახალგაზრდული ფეხბურთის პოლიტიკის განხორციელება და საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის სექტორში მოქმედი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების შეფასება და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება.
კატეგორიზაციის ფარგლებში საფეხბურთო სკოლები ოთხ ძირითად კატეგორიად დაიყოფა:
IV კატეგორია (ყველაზე დაბალი): „ფეხბურთის წრე“
III კატეგორია: „კანდიდატი ფეხბურთის სკოლა“
II კატეგორია: „ფეხბურთის სკოლა“
I კატეგორია (უმაღლესი): „ფეხბურთის აკადემია“
სკოლების შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით, ფეხბურთის ფედერაციაში საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელსაც ვეტერანი ფეხბურთელი, გოჩა ჯამარაული ხელმძღვანელობს. ჯგუფის მიზანია ფეხბურთის სკოლების შეფასება ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული, სპორტული, სამწვრთნელო მიმართულებით და სკოლების შემდგომი მონიტორინგი.
2022 წლის ივლისში, კატეგორიზაციის ციკლის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო სკოლები მინიჭებული კატეგორიის მიხედვით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ. საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პირველი, საპილოტე ციკლი 2019 წელს ჩატარდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მომდევნო წლებში პროექტი შეჩერებული იყო.