კატარინა ბიორლინ ჰანსენი - საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და დამატებითი საპორტო შესაძლებლობების განვითარება უკიდურესად მნიშვნელოვანია
კატარინა ბიორლინ ჰანსენი - საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და დამატებითი საპორტო შესაძლებლობების განვითარება უკიდურესად მნიშვნელოვანია

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და დამატებითი საპორტო შესაძლებლობების განვითარება უკიდურესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში EBRD-ის წლევანდელი საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროექტებში. ჰანსენის განმარტებით, წლევანდელი წელი EBRD-ის საქართველოში მოღვაწეობის მთელი ისტორიის მანძილზე რეკორდულად წარმატებული გამოდგა. განხილვის დროს აღინიშნა, რომ EBRD-ის სტრატეგიაში საქართველოს ლოგისტიკურ ცენტრად გარდაქმნაც დევს. ჰანსენის მოსაზრებით, ამ კუთხით აუცილებელია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. 

„საქართველოს თავისი ადგილმდებარეობით ბუნებრივი უპირატესობა გააჩნია. აქედან გამომდინარე, დავაფინანსეთ კობი-ქვეშეთის გზა, ასევე თბილისში 200 ლურჯი ავტობუსის შემოყვანა, რომლებიც ბუნებრივ აირზე მუშაობენ და ისინი ძველ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. დავაფინანსეთ ავტობუსების შეყვანა საქართველოს ექვს სხვადასხვა ქალაქში, რაც წლის განმავლობაში ჩამოვა. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქებში ეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსებობდეს და ადამიანები დანიშნულების ადგილზე დროულად მივიდნენ. ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ვმუშაობთ როგორც მუნიციპალურ დონეზე, რაც ქალაქშია საჭირო, ასევე მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ისეთ გზებზე, რომელიც ქალაქებსა და პორტებს აერთებს. საქართველოსთვის დამატებითი საპორტო შესაძლებლობების განვითარება უკიდურესად მნიშვნელოვანია. თქვენ მეზობელ ქვეყნებსაც ვესტუმრე და ისინიც ამბობენ, რომ აუცილებელია ქართველ ინვესტორებთან თანამშრომლობა, რათა გამტარუნარიანობა გაიზარდოს“, – განაცხადა ქალბატონმა ჰანსენმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, აუცილებელია მეტროს განახლებაც, რადგან ის ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

„უპირველეს ყოვლისა მეტრო უნდა განახლდეს. არსებულზეა საუბარი. ეს არის ენერგოეფექტურობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რადგან მეტრო ელექტროენერგიაზე მუშაობს და მისი ინფრასტრუქტურა მოძველებულია. ამიტომ გვსურს, ენერგოეფექტურობის ამაღლებას ხელი შევუწყოთ. ენერგოსისტემა და მეტროს სისტემა უნდა განახლდეს. გვაქვს მეტროს გაფართოების გეგმაც, თუმცა ეს ჯერ არ არის დამტკიცებული. როგორც კი ქართული მხარე დაამტკიცებს, რაც შეიძლება ვეცდებით, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას“, – განუცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა „ბიზნესპარტნიორს“.