კატარინა ბიორლინ ჰანსენი - ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ასევე განახლებად ენერგიაში ინვესტირებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის
კატარინა ბიორლინ ჰანსენი - ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ასევე განახლებად ენერგიაში ინვესტირებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის

ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული ქსელის მოდერნიზებას გულისხმობს, – ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უპირველესად ეს მნიშვნელოვანია, ელექტრონული ქსელების ეფექტიანობისთვის, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.

„ასევე, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტირებით განახლებად ენერგიაში, რადგან ელექტროსისტემას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ჰიდროელექტროსადგურების, ასევე, ქარისა და მზის სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია. ძალიან მოხარული და ამაყი ვართ, რომ ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ შეთანხმებას და ველით მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან აღნიშნული პროექტის დანერგვის მიზნით“, – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით, 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.