კატარი 2022 | პირველი წითელი ბარათი მსოფლიო ჩემპიონატზე და ირანის მოულოდნელი გამარჯვება უელსთან [ვიდეო] #1TVSPORT
კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური უელსისა და ირანის შეხვედრით გაიხსნა. პირველ ტურში უელსელები აშშ-ის ნაკრებს დაუზავდნენ (1:1), ირანმა კი 2:6 წააგო ინგლისის ნაკრებთან. აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონოდა.
აქამდე უელსისა და ირანის ნაკრებებს ერთმანეთთან მხოლოდ ერთხელ, 1978 წელს ჰქონდათ ნათამაშები და ის შეხვედრა უელსმა 1:0 მოიგო. ამას გარდა, უელსელთა სასარგებლოდ მეტყველებდა ის ფაქტიც, რომ ირანს მსოფლიო ჩემპიონატებზე ევროპული ნაკრები დამარცხებული არასდროს ჰყოლია.
წარუმატებელი სერია ირანელებმა უელსის ნაკრებთან დაასრულეს – მეტოქე 2:0 დაამარცხეს.
პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით, ფავორიტი უელსი იყო, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უელსელებს ძალიან უჭირთ სწრაფ, ტექნიკურ გუნდებთან თამაში. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ირანელებმა იგრძნეს, რომ კუნძულელთა დამარცხება რეალური იყო და სწრაფი შეტევების შედეგად არაერთი ხიფათიც შექმნეს.
იყო მომენტი, როდესაც ათწამიან მონაკვეთში ირანელებმა ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს. 84-ე წუთზე კი პირველი წითელი ბარათი ვიხილეთ: უელსის ნაკრების მეკარე უაინ ჰენესი საჯარიმოდან გამოვიდა, ტარემის უხეშად შეეჯახა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. თუმცა ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ ყვითელი გააუქმა და ჰენესის წითელი ბარათი ამოუღო.

ირანმა მიზანს მაინც მიაღწია — მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთზე ჩეშმიმ შორეული, უზუსტესი დარტყმით ირანს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაუტოვა —- 1:0.
აზიურმა გუნდმა ესეც არ იკმარა და 90+11 წუთზე რეზაეიანმა მეორედ აიღო უელსელთა კარი.
B ჯგუფი
| ტური | თარიღი | დრო | თამაში | ანგარიში |
| I ტური | 21.11.2022 | 17:00 | ინგლისი-ირანი | 6:2 |
| I ტური | 21.11.2022 | 23:00 | აშშ-უელსი | 1:1 |
| II ტური | 25.11.2022 | 14:00 | უელსი-ირანი | 0:2 |
| II ტური | 25.11.2022 | 23:00 | ინგლისი-აშშ | : |
| III ტური | 29.11.2022 | 23:00 | ირანი-აშშ | : |
| III ტური | 29.11.2022 | 23:00 | უელსი-ინგლისი | : |
| B ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1 | ინგლისი | 1 | 1 | 0 | 0 | 6-2 | 3 |
| 2 | ირანი | 2 | 1 | 0 | 1 | 4-6 | 3 |
| 3 | აშშ | 1 | 0 | 1 | 0 | 1-1 | 1 |
| 4 | უელსი | 2 | 0 | 1 | 1 | 1-3 | 1 |