კატარი 2022 | პირველი ფინალისტი ცნობილია - ლიონელ მესის და არგენტინის ნაკრებს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | პირველი ფინალისტი ცნობილია - ლიონელ მესის და არგენტინის ნაკრებს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ხორვატიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. არგენტინის ნაკრებმა ლიონელ მესისა და ხულიან ალვარესის (2) გოლებით მეტოქე 3:0 დაამარცხა და 18 დეკემბერს ფინალში ითამაშებს.

 

აქამდე ამ გუნდებს ერთმანეთთან ოთხჯერ ჰქონდათ ნათამაშები და ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობა იყო – 2 თამაში არგენტინელებმა მოიგეს, ორიც – ხორვატებმა. უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატებზე კი ეს მათი მესამე შეხვედრა იყო.

ბოლოს 2018 წელს, რუსეთში ჩატარებულ  მუნდიალზე ხორვატებმა სამხრეთამერიკელები 3:0 დაამარცხეს.

თამაში გუნდებმა საკმაოდ ფრთხილად დაიწყეს, ძირითადად ბურთს მოედნის ცენტრში აკონტროლებდნენ და დაახლოებით 20 წუთი ისე მიილია, სახიფათო მომენტი არ შექმნილა.

ტაიმის მეორე ნახევარში არგენტინელებმა თანდათან მეტოქეზე წნეხი გაზარდეს და თამაში ხორვატების ნახევარზე გადაიტანეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო –  33-ე წუთზე კონტრშეტევის დროს ხორვატთა მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩმა საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და შეხვედრის იტალიელმა არბიტრმა თერთმეთმეტრიანი დანიშნა.

პენალტი ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა, მიმდინარე მუნდიალზე – მე-5, სულ მსოფლიო ჩემპიონატებზე კი მე-11 გოლი გაიტანა, რითიც თანამემამულე გაბრიელ ბატისტუტას გადაასწრო და არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამას გარდა, მესისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონტებზე ჩატარებული 25-ე შეხვედრა იყო, ამ მაჩვენებლით არგენტინელი გერმანელ ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა (ამ რეკორდს ლეო ალბათ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გააუმჯობესებს). აქვე გეტყვით, რომ ხორვატიის ნაკრების ლიდერის, ლუკა მოდრიჩის სანაკრებო კარიერა 2006 წლის 1 მარტს სწორედ არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრაში დაიწყო, იმ მატჩში მესიმ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

საკმაოდ ლამაზი გამოვიდა არგენტინელთა მეორე გოლი, რომელიც ხულიან ალვარესმა გაიტანა: არგენტინელებმა საკუთარ საჯარიმოში მეტოქის შეტევა ჩაჭრეს, მოედნის ცენტრში ბურთი ალვარესმა მოიპოვა და შესანიშნავი სოლო რეიდი გოლით დაასრულა – არგენტინა 2:0 დაწინაურდა.

მეორე ტაიმში ხორავატები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ და უფრო დიდი ძალებით წავიდნენ შეტევაში, რამაც მათ დაცვის ხაზში თავისუფალი სივრცეები გააჩინა და არგენტინელებს სწრაფი კონტრშეტევების განხორციელების შესაძლებლობა მისცა.

შეხვედარში საბოლოო წერტილი ლიონელ მესიმ და ხულიან ალვარესმა დასვეს – ლეომ ფლანგზე მოიპოვა ბურთი, გვარდიოლი ოსტატურად ჩამოიშორა და საჯარიმოში საგოლე პასი მიაწოდა ალვარესს, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, არგენტინას კი ფინალის საგზური მოუტანა.

ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი არგენტინის ნაკრები გახდა, რომლის მეტოქეც მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩში გაირკვევა. შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.