კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე საოცარი გუნდი - მაროკოელ ვარსკვლავებს ფული არ სჭირდებათ #1TVSPORT
კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე საოცარი გუნდი - მაროკოელ ვარსკვლავებს ფული არ სჭირდებათ #1TVSPORT

10 დეკემბერს, მაროკოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გახდა ისტორიაში პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკოელებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს – 1:0. ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე იუსეფ ენ-ნესირიმ გაიტანა.

 

ახალი მწვრთნელი მუნდიალამდე სამი თვით ადრე 

რა ვიცით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სენსაციური გუნდის შესახებ? მაროკოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატამდე სამი თვით ადრე მწვრთნელი შეიცვალა. გუნდს გამოცდილი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე აფრიკის ნაკრების სამწვრთნელო სტაფში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა – ჰალილჰოჯიჩის ნაცვალდ მაროკოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ნაკრების ყოფილი მცველი, 47 წლის ვალიდ რეგრაგი (მეტსახელად „ავოკადოს თავი“) დაინიშნა.

რეგრაგიმ საკლუბო დონეზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: მან მაროკოს გუნდი FUS, ისტორიაში პირველად, ჩემპიონი გახადა, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა კატარის კლუბ „ალ დუჰაილთან“ ერთად, ხოლო მაროკოს „ვიდადში“ რეგრაგი ჩემპიონთან ერთად, აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

მას სამწვრთნელო სტილით ჟოზე მოურინიოს ადარებენ. მისი გუნდები კომპაქტურად თამაშობენ და მკაცრ დაცვას ეყრდნობიან. მაროკოს კარში გოლის გატანა ურთულესი ამოცანაა – ამ მსოფლიო ჩემპიონატზე „ატლასის ლომებმა“ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს (ნაიეფ აგერის ავტოგოლი კანადასთან მატჩში).

პსჟ-ს, ჩელსის და სევილიას ვარსკვლავები

მაროკოს ნაკრების 26 მოთამაშიდან 14, მაროკოს ფარგლებს გარეთ დაიბადა. რეგრაგის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, „პარი სენ-ჟერმენის“ მცველი აშრაფ ჰაკიმია. ის დაიბადა და გაიზარდა ესპანეთში, მაგრამ სანაკრებო დონეზე ისტორიული სამშობლოს სახელით თამაში გადაწყვიტა.

კიდევ ერთი მაროკოელი სუპერვარსკვლავი „ჩელსის“ შემტევი ჰაკიმ ზიეშია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშისთვის მიღებულ თანხას, რომელსაც მაროკოს სამეფო ფეხბურთის ფედერაცია უხდის, ზიეში გუნდის პერსონალს და გაჭირვებული მაროკოელების ოჯახებს ურიცხავს.

ექსპერტები და კრიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ ნახევარმცველ სოფიან ამრაბატის თამაშს. „ფიორენტინას“ ფეხბურთელი მოედანზე უდიდეს სამუშოს ასრულებს. ყველას უკვირს, როგორ დარბის ის იმდენს? ხუმრობენ კიდეც, რომ ტურნირის მთავარი სენსაცია არა მაროკოს ნაკრები, არამედ ის იყო, რომ პორტუგალიასთან მატჩის 97-ე წუთზე ამრაბატს ოდნავ დაღლა დაეტყო.

ტურნირის მსვლელობისას, მაროკოელი მეკარის იასინ ბუნუს პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა – ის კარში კედელივით დგას, რომლის გარღვევაც თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. საკლუბო დონეზე, ბუნუ „სევილიაში“ თამაშობს, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით, მისი ვარსკვლავი კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ამობრწყინდა. პორტუგალიასთან ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო მანამდე ესპანელებთან იასინმა პენალტების სერიაში ერთი დარტყმაც არ გაუშვა.

ისლამური სამყარო მაროკოსკენაა

მაროკოელები ისლამის მიმდევარები არიან და გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს მათ სხვა ისლამური ქვეყნების გულშემატკივრებიც მხარს უჭერენ.

მაროკოს ნაკრების თავდამსხმელმა ზაკარია აბუხლალმა, რომელმაც ბელგიის წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე გოლი გაიტანა, ყურანი ზეპირად იცის და პარასკევის ლოცვებზე ქადაგებებსაც კითხულობს.

ყველა მაროკოელი ფეხბურთელი რამადანს იცავს. 2019 წელს ზიეში და ნუსერ მაზრაუი, რომლებიც იმ დროს ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდნენ (მაზრაუი ამჟამად „ბაიერნის“ მოთამაშეა), „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე რამდენიმე საათი არ ჭამდნენ. მატჩის მსვლელობისას, როცა მზე ჩავიდა, ფეხბურთელებმა ძალები ენერგეტიკული სასმელებით აღიდგინეს.