კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ევროპულ საბჭოსთან აქციას მართავენ [ვიდეო]
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ევროპულ საბჭოსთან აქციას მართავენ [ვიდეო]

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები კარლეს პუიჩდემონის მხარდამჭერებთან ერთად ევროპულ საბჭოსთან აქციას მართავენ. ამასთან,  პუიჩდემონის მომხრების აქციიდან რამდენიმე მეტრში, კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებიც შეიკრიბნენ.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები ესპანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ, კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის წინაააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ და ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ევროპული საბჭოს წინ გამოსული კატალონიელები აცხადებენ, რომ კარლეს პუიჩდემონი მათი პრეზიდენტია, კატალონია დამოუკიდებელი ქვეყანაა და ესპანეთი მათ საქმეებში ვერ ჩაერევა.

კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კატალონია ესპანეთის ნაწილია, ესპანეთის სამეფოს ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს და სეპარატისტი კარლეს პუიჩდემონი უნდა დაისაჯოს. მათი აზრით, ესპანეთის ხელისუფლების ყველა ნაბიჯი კანონიერია და ბელგიამ მადრიდს კარლეს პუიჩდემონი უნდა გადასცეს.

კარლეს პუიჩდემონი პოლიციას კვირას ჩაბარდა. გამომძიებელმა-მოსამართლემ ყოფილი ლიდერი და ოთხი ყოფილი მინისტრი სამი პირობით გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, გამოძიებას უნდა მიაწოდონ საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია და გამოცხადდნენ სასამართლო პროცესებზე.

ბელგიურმა მხარემ 15 დღეში უნდა გადაწყვიტოს ესპანეთის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის დაკმაყოფილების საკითხი. პირველი სასამართლო პროცესი 17 ნოემბერს გაიმართება.