კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ორი წლისთავზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა
კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ორი წლისთავზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა

კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ორი წლისთავზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „რეიტერის“ (Reuters) ცნობით, ბარსელონაში გამართულ აქციას 18 ათასზე მეტი აქტივისტი დაესწრო.

მასშტაბურ დემონსტრაციაზე აქტივისტებმა დაპატიმრებული კატალონიელი პოლიტიკოსების გათავისუფლება მოითხოვეს და ესპანეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა. მაშინ, საყოველთაო გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რეგიონის მოქალაქეთა 90 პროცენტზე მეტს დამოუკიდებლობა სურდა.

27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადა. მომდევნო დღეს ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა, გააუქმა მთავრობის ძალაუფლება და პარლამენტი დაშალა.