კატალონიაში 200 000-მდე ადამიანი კვლავ კარანტინში აღმოჩნდა
კატალონიაში 200 000-მდე ადამიანი კვლავ კარანტინში აღმოჩნდა

კატალონიაში 200 000-მდე ადამიანი კვლავ კარანტინში აღმოჩნდა. ამის მიზეზი სეგრიას რაიონში კორონავირუსის შემთხვევების მატება გახდა. ბოლო დღე-ღამეში აღნიშნულ რეგიონში „კოვიდ-19“-ის 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეიდან მოქალაქეებს სეგრიას რაიონის დატოვება სპეციალური ნებართვის გარეშე აღარ შეეძლებათ. ძირითად მაგისტრალებზე განთავსდება პოლიციის საგუშაგოები. 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალული იქნება, როგორც შენობაში, ისე გარე სივრცეში.

გუშინ ​სეგრიას რეგიონში საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 21 ადამიანი გადაიყვანეს. მათგან ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. სეგრიაში სულ 210 000 ადამიანი ცხოვრობს. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ რეგიონში ცხრა კლასტერია აღრიცხული.