კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა
კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

კასპში ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მენაბდიშვილს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

დაკავებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს. ადვოკატ ქეთევან გაგლოევას განცხადებით, მენაბდიშვილი ამ დრომდე უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და დუმილის უფლებას იყენებს. გაგლოევას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობს დაცვაზეც და აგრძელებს შიმშილს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე წუთი გავესაუბრე. მას გამომძიებლის მიერ გადაეცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. ის ჩვენთან ოთახში არ შემოვიდა. დემონსტრაციულად დახია ბრალდება და გადააგდო. ის რჩება იგივე პოზიციაზე, უკიდურესად გაღიზიანებულია და უკიდურესად აღელვებულ მდგომარეობაშია. აგრძელებს შიმშილს და დუმილის უფლებას იყენებს“, – აცხადებს დაკავებულის საზოგადოებრივი დამცველი.

შსს-მ კასპში, ერთ-ერთ საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული გიორგი მენაბდიშვილი 16 იანვარს დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული 15 იანვარს კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.