ხოვლეში კვართის წმინდა გიორგის ეკლესიისა და კარიბჭე-სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ხოვლეში კვართის წმინდა გიორგის ეკლესიისა და კარიბჭე-სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ხოვლეს კვართის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და კარიბჭე-სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, – ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად განახორციელა.

„შესრულებული სამუშაოების შედეგად ეკლესიის ფასადები გაიწმინდა ცემენტის ნალესობისაგან, მთელს პერიმეტრზე გადაეწყო და გამაგრდა კარნიზქვეშა ქვის წყობა, აღდგა კარ-სარკმლების წირთხლები, სახურავი გადაილესა კირხსნარით და მოეწყო კრამიტის სახურავი, ფასადებზე ქვის ნაკერები ამოიგოზა სპეცკირხსნარით, გადაეწყო ქვის იატაკი კირდუღაბზე, მოხდა სამრეკლოს ოთხივე ფასადზე საპირე წყობის გადაწყობა კირდუღაბის ხსნარზე, ნიჩბისის ქვით მოეწყო ასასვლელი კიბე, მეორე სართულზე მოეწყო ქვის იატაკი, სახურავი გადაილესა კირხსნარით და მოეწყო კრამიტით, დამზადდა და დამონტაჟდა ზარი“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.