კასპის მუნიციპალიტეტში ტესტირება 50 პირს ჩაუტარდა, არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა
კასპის მუნიციპალიტეტში ტესტირება 50 პირს ჩაუტარდა, არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა

კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დღეს ტესტირება 50 პირს ჩაუტარდა და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.

გუშინ, კასპის მუნიციპალიტეტში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 11 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან შვიდი ინფიცირებული იგოეთი-ქვემო ჭალის კლასტერს უკავშირდება.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური პუნქტებზე გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩება. ამასთან, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია სამთავისის საბავშვო ბაღში.

„გრძელდება ეპიდკვლევა. დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. დილიდან 50 პირი გაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია. გუშინ, 126 სინჯი ავიღეთ და 11 იყო დადასტურებული „კოვიდის“ შემთხვევა. აქედან შვიდი შემთხვევა იგოეთი-ქვემო ჭალის კლასტერზე მოდის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები ვაგრძელებთ იგოეთში, ქვემო ჭალაში და სამთავისში მოსახლეობის შემოწმებას, გრძელდება თერმოსკრინინგი სპეციალურად მოწყობილ პუნქტებზე“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა გიუნაშვილმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.