კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლედან, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევა დაფიქსირდა, დამატებითი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში აღარ გაგზავნილა.

სოფელში თერმოსკრინინგი და ინფიცირებულ 32 წლის მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებზე ეპიდდაკვირვება გაგრძელდება. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დაცვას კი, ადგილზე სამართალდამცავები გააკონტროლებენ. შიდა ქართლის კიდევ ერთ სოფელში, სადაც „კოვიდ-19“-ის ორი დადასტურებული შემთხვევაა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ამასთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის ყურიდან ახალი ნიმუშები ეპიდემიოლოგებს არ აუღიათ.

შიდა ქართლის გუბერნატორი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„ხოვლეში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.თერმოსკრინინგი ადგილობრივთა 90%-ს ჩაუტარდა და ეს შემოწმება ყოველდღე გაგრძელდება. ცხელება ან საეჭვო სიმპტომები შემოწმებისას არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ხიდისყურს, იქაც მშვიდია ვითარება. არც პროდუქტების, არც პირველადი საჭიროების ნივთების საჭიროება არაა. იქ მკაცრი რეჟიმის დაცვას საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ. რეგიონის მოსახლეობას მოვუწოდებ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს და წესებს“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.