კასპის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სათიბ-საძოვრები 25-წლიანი იჯარით გადაეცემა 
კასპის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სათიბ-საძოვრები 25-წლიანი იჯარით გადაეცემა 

მთავრობის სხდომაზე კასპის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე  1 200 ჰექტარზე მეტი სათიბ-საძოვრის 25-წლიანი იჯარით გადაცემის საკითხს განიხილავენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამით 43 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს, რომლებსაც 400-ზე მეტი სული საქონელი ჰყავთ.

„ამ ოჯახებს არ ექნებათ იმის შიში, რომ ეს საძოვრები შეიძლება რაიმე კუთხით, სხვა მიმართულებით გასხვისდეს. ეს იქნება დამაგრებული კონკრეტულად ამ ორ კოოპერატივზე. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება, ეს იქნება კოოპერაციის წამახალისებელი სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, მეცხოველეობაში. ასეთი წარმატებული მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო  შვეიცარულ-ქართული კომპანია “ბლაუნშტაინის“  დადებით გამოცდილებას. ამ გამოცდილებას კიდევ არაერთხელ გამოვიყენებთ საქართველოში მთიანი რეგიონების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაწყებული, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის მიზანი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მთიდან მიგრაციის შეჩერებაა.