კაშია ახალ გუნდში პირველად, სავარაუდოდ, ხვალ ითამაშებს - „ლოკომოტივი“ შეხვედრას „დინამო არენაზე“ გამართავს
გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა – უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა თბილისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცნობილი გახდა, რომ 33 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი „ლოკომოტივის“ ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ამ ნომრით მანამდე გუნდის ყოფილი კაპიტანი ნიკა ჭანტურია თამაშობდა, რომელმაც გუნდი დატოვა და ქობულეთის „შუქურაში“ გადავიდა.
სავარაუდოდ, გურამ კაშია „ლოკომოტივის“ ფორმას პირველად ეროვნული ლიგის მე-2 ტურში მოირგებს – „ლოკომოტივი“ „თელავს“ უმასპინძლებს. კაშია გუნდთა ერთად დიდი ხანია ემზადება, ესპანეთში, მარბელას შეკრებაზეც ახლდა, სადაც საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა და წესით, ფორმაში უნდა იყოს.
თუმცა, „ლოკომოტივმა“ ბოლო წლების ტრადიცია დაარღვია და „თელავთან“ საშინაო არენად „მიხეილ მესხი 2-ის“ ნაცვლად, ქვეყნის მთავარი სარბიელი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა“ აირჩია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი „დინამო თბილისის“ (2006-2010) ღირსებას იცავდა. გურამ კაშია სხვადასხვა დროს, არნემის „ვიტესში“ (2010-18) და „სან ხოსეში“ (2018-20) თამაშობდა.
ფოტო: FC Locomotive Tbilisi