#კარიერა | გურამ კაშია - 11-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში [ვიდეო]
#კარიერა | გურამ კაშია - 11-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში [ვიდეო]

„ლოკომოტივში“ გურამ კაშიას ჩარიცხვის შემდეგ ბოლო წლებში პირველად მოხდება, რომ ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი და ვიცე-კაპიტანი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. კარიერის დიდი ნაწილი ნიდერლანდების ერედივიზიის „ვიტესში“ გაატარა.

 

ვიტესი

ნიდერლანდურ კლუბში კაშია 2010 წელს გადავიდა. მალევე მოიპოვა ადგილი კლუბის ძირითად შემადგენლობაში და ორი სეზონის შემდეგ კლუბის კაპიტნად აირჩიეს.

რვა წლის განმავლობაში „ვიტესში“ 292 ოფიციალური მატჩი ჩაატარა (24 გოლი), 2017 წელს ნიდერლანდების თასი მოიგო. 2015 წელს კაშია ერედივიზიეს აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 

სან ხოსე

2018 წლის 14 ივნისს, კაშია ამერიკულ „სან ხოსეს“ შეუერთდა და მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2019 წლის ივლისში აშშ-ის მწვანე ბარათი მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამერიკულ ლიგაში ლეგიონერის სტატუსით არ ისარგებლებდა.

მაგრამ „სან ხოსემ“ 2020 წლის სეზონის შემდეგ კაშიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა.

 

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებში კაშიას დებიუტი 2009 წლის 1 აპრილს მონტენეგროს წინააღმდეგ შედგა. 2012 წლის ოქტომბერში მან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში ფინეთთან ერთადერთი გოლი გაიტანა. გურამი წლის ქართველ ფეხბურთელად ორჯერ დასახელდა – 2012 წელს და 2013 წელს.

 

სანამ ქვეყანას გამოვადგები

33 წლის გამოცდილი მცველი ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს:

„მოვა ნაკრებიდან წასვლის დროც. ახალგაზრდა არ ვარ. მაგრამ სანამ მწვრთნელს, გუნდს და ქვეყანას გამოვადგები, ნაკრებში აუცილებლად ვიქნები – შეცვლაზე, ტრიბუნაზე თუ სადაც ჩათვლიან საჭიროდ. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს და იმედია, მომავალ მწვრთნელსაც დავჭირდები.

კარიერის შემდეგ აუცილებლად მინდა, რომ სპორტში დავრჩე და ტელევიზიაში, რომელიმე სპორტული გადაცემა მქონდეს“.

ლოკომოტივი

გურამ კაშიამ 2021 წლის 3 მარტს „ლოკომოტივთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

„ლოკომოტივში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე, ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, სრულფასოვანი წევრი და გუნდის ნაწილი ვარ. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“ – ამბობს გამოცდილი მცველი.