სეზონის ტრანსფერი ეროვნულ ლიგაში - გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია
სეზონის ტრანსფერი ეროვნულ ლიგაში - გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია

გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა – ამ მეტად მნიშვნელოვანი ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ოფიციალურად – საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია“, – წერია „ლოკომოტივის“ განცახდებაში.

გუნდის გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გურამ კაშიამ „ლოკომოტივთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

„ლოკომოტივში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე, ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, სრულფასოვანი წევრი და გუნდის ნაწილი ვარ. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“ – ამბობს გამოცდილი მცველი.

გურამ კაშია თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. ის ბოლოს ამერიკაში, MLS-ის კლუბ „სან ხოსე ერსქვეიქსში“ თამაშობდა. 33 წლის მცველი „დინამოდან“ 2010 წელს ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ არნემის „ვიტესში“ გადავიდა და მას შემდეგ უცხოეთში თამაშობს. 33 წლის მცველი საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან გამოდის, მისი ფორმით 82 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი.

გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ემზადებოდა და გუნდს ესპანურ შეკრებაზეც ახლდა. მაგრამ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებდა და გუნდს უცხოეთში ეძებდა. ამდენად, საქართველოს ჩემპიონატში 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება მოულოდნელი ამბავი გახდა.