კარლოს ალკარასმა მედვედევი გაანადგურა და ინდიან უელსის „მასტერსის“ ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
19 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი ინდიან უელსის „მასტერსის“ გამარჯვებული გახდა. მან ფინალში იოლად მოუგო რუს დანიილ მედვედევს – 6:3, 6:2 და რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა.
ალკარასმა ტურნირზე სეტის წაუგებლად გაიმარჯვა. ბოლოს ინდიან უელსში ასეთი რამ 2017 წელს ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა შეძლო. ესპანელმა პროფესიულ ტურში მე-11 ფინალი ითამაშა და მერვე ტიტული მოიგო, აქედან სამიდან სამი მოგება აქვს „მასტერსის“ სერიის ტურნირების ფინალებში.
ალკარასის მეტოქეს ფინალამდე ზედიზედ 19 მატჩი და სამი ტურნირი ჰქონდა მოგებული. მაგრამ ამჯერად მედვედევმა თითქმის ვერ გაუწია წინააღმდეგობა ესპანელს, რომელმაც პირველი სეტი ზედიზედ სამი გეიმის მოგებით დაიწყო, მეორე სეტის სტარტზე კი ზედიზედ 10 გათამაშება აიღო და 4:0 დაწინაურდა. ალკარასის დომინირებას კარგად უსვამს ხაზს ფაქტი, რომ მედვედევი ერთ ბრეიკპოინტამდეც ვერ მივიდა.