კარლო კოპალიანი - გიული ალასანიამ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალმილიონიანი ქონება, დადგა დრო, დააბრუნოს, აღიაროს, რომ მითვისებული აქვს უკანონოდ
ხშირად ამბობენ, გიული ალასანიამ მიზერულ ფასში მიითვისა ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებაო. მე ვიტყვი, რომ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო მრავალმილიონიანი ქონება. 2006 წლის შეფასებებით, ჩვენი უხეში დათვლებით, ეს იყო დაახლოებით 30 მილიონის ქონება, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კოპალიანის თქმით, ამ ქონების წაღებამ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა ტექნიკურ უნივერსიტეტს.
ამასთან, როგორც კარლო კოპალიანმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, პრივატიზაციის ყველანაირი პირობა დარღვეულია.
„კანონი გვეუბნება, რომ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს შეძენილი ქონების ღირებულების დაფარვა, რომლის შემდეგ გაიცემა დამადასტურებელი მოწმობები. ჩვენ გვაქვს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საპრივატიზაციო თანხის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან ერთი წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით დაევალა, ანუ შეღავათი გაეწია საქართველოს უნივერსიტეტს: 2008 წლის 30 სექტემბრამდე თანხის 25%, 2008 წლის 30 დეკემბრამდე კიდევ 25%, 2009 წლის 30 მარტამდე 25%, ხოლო დარჩენილი თანხა 2009 წლის 30 ივნისამდე უნდა დაფარულიყო. შემდეგ არსებობს იმის დოკუმენტი, რომ ეს თანხები დაფარულია. ჩვენ ვერ მოვიძიეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს თანხა ჩაირიცხა საქართველოს ბიუჯეტში, რის შემდეგაც გაიცა საკუთრების მოწმობა, თუმცა არსებობს ცნობები, როცა მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო წერს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, რომ ეს თანხა ჩარიცხულია და გთხოვთ, გასცეთ მოწმობა. აი, აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი, ნამდვილად იყო ჩარიცხული თუ არ იყო ჩარიცხული და როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, მიზერულ ფასში აიღო, მიითვისა ეს ქონება. მე ვიტყვი უფრო სხვანაირად, საერთოდ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო მრავალმილიონიანი ქონება. ჯერ კიდევ მაშინ, 2006 წლის შეფასებებით, ჩვენი უხეში დათვლებით, ეს იყო დაახლოებით 30 მილიონის ქონება. ამ ქონების წაღებამ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც, ფაქტობრივად, წელში გამართული იყო, ფეხზე იდგა და რა მოხდა? 32 ათასი სტუდენტი განახევრდა ერთ თვეში. როგორც კი ავტორიზაცია შეუჩერეს, 32 ათასი სტუდენტი გახდა 15 ათასი სტუდენტი. მას შემდეგ იქ მოსულ თაობებს და განსაკუთრებით, ბოლოს მისულ რექტორატს ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ უნივერსიტეტი დაბრუნებოდა მართლაც იმ სახელოვან წარსულს, როგორც ადრე იყო“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
კარლო კოპალიანის თქმით, დადგა დრო, გიული ალასანიამ აღიაროს, რომ უკანონოდ აქვს მითვისებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება.
„ყველაზე ცუდად მოექცა თავის კოლეგებს. ჯერ კიდევ მაშინ დასცინა თავის კოლეგებსა და სტუდენტებს, როდესაც თქვა, რომ ეს ქონება იმიტომ წაიღო, იმიტომ მომცა ჩემმა შვილმა, რომ პუტინს არ წაეღოო. ამით უზარმაზარი შეურაცხყოფა მიაყენა თუნდაც იმ პროფესურას, რომლებიც თავის დროზე, ათეული წლების მანძილზე მიზერული ანაზღაურებით ქმნიდნენ და უშვებდნენ ძალიან მაგარ სპეციალისტებს ამ უნივერსიტეტიდან. რუსეთის გამო თუ მისცა, აღარ არის რუსეთი და დაებრუნებინა. ვფიქრობ, დადგა დრო, დააბრუნოს, გამოხატოს თავისი კეთილი ნება. დღეს, როცა ჩვენს უნივერსიტეტში 23 000 სტუდენტი და 4 500-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი, დამხმარე პერსონალი ელოდება ამ სამართლიანობის აღდგენას, აღადგინოს სამართალი და აღიაროს, რომ ეს ქონება მითვისებული აქვს უკანონოდ. მჯერა, საპარლამენტო კომისია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი უნივერსიტეტი. არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტი, არამედ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.