კარლო კოპალიანი - ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა თავს დამესხნენ, დეპუტატის ბარათი გამიჭრეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას ოპოზიციის წევრები – ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა თავს დაესხნენ და დეპუტატის ბარათი დაუზიანეს.

„დღეს პარლამენტის წევრებმა სცადეს, რომ გავეშვი პარლამენტიდან. ე.წ. ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ქალბატონი ხოშტარია და ქალბატონი ბოკუჩავა დამესხნენ თავს, სხდომათა დარბაზში, სადაც მე ვიჯექი, ჩემს ადგილას. ამოიღეს ჩემი ბარათი. ხოშტარიამ ამოიღო ბარათი, ბოკუჩავას მომზადებული ჰქონდა მაკრატელი და იმან გაჭრა. მეორე ნახევარი აქვს ხოშტარიას, წაიღო სამახსოვროდ, ჩემი თვალები მოსწონს ეტყობა. მას აქვს ჯიბეში. მე ამას თავდასხმად ვაფასებ. გამოცდილმა იურისტებმა შეაფასონ, არის თუ არა ეს თავდასხმა დეპუტატზე“, – აღნიშნა კოპალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.