კარლო ანჩელოტიმ ნორვეგიასთან წაგებაზე ისაუბრა – ბრაზილიას ტალანტები და ვარსკვლავები სჭირდება #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნორვეგიასთან მატჩი (1:2) შეაფასა.
ასევე განმარტა, რატომ შეასრულა შეხვედრის დასაწყისში პენალტი ბრუნო გიმარაეშმა, რომელმაც მეკარეს ვერ აჯობა და გახდა პირველი ბრაზილიელი ბოლო 40 წლის განმავლობაში, რომელმაც მუნდიალზე (არა პენალტების სერიაში) თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
„თავიდან საგოლე მომენტებს ჩვენ ვქმნიდით. ზედმეტად მაღალი პრესინგის შესრულება რთული იყო, რადგან ნორვეგიამ დაცვა მთლიანად ჩაკეტა და ზედმეტი ზეწოლა სარისკო იქნებოდა.
ბრაზილიურ ფეხბურთს და ნაკრებს ახალგაზრდა, ნიჭიერი და მაღალი კლასის ფეხბურთელები სჭირდება. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია, ეს სპორტია. ზოგჯერ დამარცხებასაც უნდა შეეგუო.
რაც შეეხება პენალტს – სტატისტიკით საუკეთესო რაფინია იყო. ხელმისაწვდომი ფეხბურთელებიდან კი გამორჩეული გახლდათ ნეიმარი, შემდეგ – იგორ ტიაგო, ბრუნო გიმარაეში და შემდეგ – მარტინელი. ჩვენი აზრით, ბრუნო ამ კუთხით მოედანზე მყოფებში საუკეთესო იყო“, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.