კარლეს პუიჩდემონმა პარლამენტის წევრი ქუიმ ტორა კატალონიის მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა
კარლეს პუიჩდემონმა პარლამენტის წევრი ქუიმ ტორა კატალონიის მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუიჩდემონმა პარლამენტის წევრი ქუიმ ტორა კატალონიის მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა. რეგიონი შვიდთვიანი უძრაობის დასრულებასა და მთავრობის ფორმირებას ცდილობს.

კატალონიელმა კანონმდებლებმა 22 მაისამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ უხელმძღვანელებს მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ არჩევნების გამართვა გახდება საჭირო.

აქამდე სეპარატისტი პოლიტიკოსების მიერ კატალონიის ლიდერის პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატურას სასამართლო ბლოკავდა, რადგან კანდიდატები ან საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ან ციხეში.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ დეკემბერში რეგიონალური არჩევნები დანიშნა მას შემდეგ რაც კატალონიიდან იმდროინდელი ადმინისტრაცია მოხსნა და მათი დიდი ნაწილი დააკავა. მიზეზი ადგილობრივი მთავრობის მიერ ესპანეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის თვითნებური გამოცხადება იყო. თუმცა დეკემბერში გამართული არჩევნების შემდეგაც, დამოუკიდებლობის მომხრე ძალებმა პარლამენტში უმრავლესობა დაიკავეს.

პუიჩდემონის მიერ კატალონიის ლიდერის პოსტზე წარდგენილი ტორა იურისტი და ჟურნალისტია. ის რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის აქტიური მხარდამჭერია და რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული კატალონიის ისტორიის შესახებ.