კარლეს პუიჩდემონის სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო
კარლეს პუიჩდემონის სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუიჩდემონის დაკავების ორდერთან დაკავშირებით, ბელგიის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება გადადო. სასამართლო მოსმენა ბრიუსელში ჩატარდა.

ესპანეთის მიერ ევროპის მასშტაბით გაცემული დაკავების ორდერი პუიჩდემონის გარდა, რეგიონის ოთხ ყოფილ მინისტრსაც ეხება, რომლებიც პუიჩდემონთან ერთად ბელგიაში იმყოფებიან.

სასამართლოზე ბელგიელმა პროკურორმა დაკავების ორდერის შესრულება მოითხოვა. პუიჩდემონის ადვოკატები კი, საქმეს ოთხ დეკემბრის მოსმენაზე წარადგენენ.

კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შემდეგ, ესპანეთის მთავრობამ რეგიონის პარლამენტი და მთავრობა დაითხოვა და რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა. ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის ქმედება არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მთავრობის წევრების დაკავების ორდერი გასცა. ამის შემდეგ, კატალონიის პრეზიდენტი ბელგიაში გაემზავრა.