კარლეს პუიჩდემონის მხარდამჭერებმა გერმანიის ციხესთან აქცია გამართეს 
კარლეს პუიჩდემონის მხარდამჭერებმა გერმანიის ციხესთან აქცია გამართეს 

გერმანიაში ციხესთან, სადაც კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი ჰყავთ დაკავებული, კარლეს პუიჩდემონის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა ნოიმუენსტერის ციხესთან კატალონიის დროშები და ბანერები დაამაგრეს, რომელიც გერმანიის მთავრობას პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მანამდე, კატალონიის რეგიონულ პარლამენტში ავტონომიის ლიდერის პოსტზე კარლეს პუიჩდემონის კანდიდატურის მხარდასაჭერად დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მზადყოფნა გამოთქვეს.

საპარლამენტო უმრავლესობა რეგიონულ პარლამენტში გამართულ სხდომაზე ამტკიცებდა, რომ პუიჩდემონი ესპანეთის მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლია.

კარლეს პუიჩდემონი 25 მარტს ბერლინში დააკავეს, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა. პუიჩდემონსა და კატალონიის ყოფილი მთავრობის 24 წევრს ოფიციალური მადრიდი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მათგან 13-ს ბრალი უკვე წაუყენეს.

კატალონიის ყოფილი ლიდერი გერმანული სასამართლოს წინაშე ორშაბათს დილით წარდგა, სადაც განაცხადა, რომ ის მანამდე იქნება პატიმრობაში, ვიდრე მისი ესპანეთში ექსტრადირების საკითხი გადაწყდება.

გერმანული სასამართლო განიხილავს, უნდა დააკმაყოფილოს თუ არა გერმანიამ ესპანეთის მოთხოვნა პუიჩდემონის გადაცემის შესახებ. ქალაქ შლესვიგის პროკურატურის სპიკერის განცხადებით, დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას აღდგომამდე არ მიიღებენ.

კატალონიის ყოფილ ლიდერს, რომელმაც ხუთი თვის წინ ბელგიას შეაფარა თავი, სამშობლოში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დატოვე კომენტარი