კარლეს პუიჩდემონის ესპანეთისთვის გადაცემის საკითხზე ბრიუსელში სასამართლო სხდომა 17 ნოემბერს ჩატარდება
კარლეს პუიჩდემონის ესპანეთისთვის გადაცემის საკითხზე ბრიუსელში სასამართლო სხდომა 17 ნოემბერს ჩატარდება

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუიჩდემონის ესპანეთისთვის გადაცემის საკითხზე ბრიუსელში სასამართლო სხდომა 17 ნოემბერს ჩატარდება. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

სასამართლოზე განიხილავენ კატალონიის ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნების საკითხსაც, რომლებიც პუიჩდემონთან ერთად ბელგიაში იმყოფებიან. საკონსულტაციო პალატის სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართება. გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება შესაძლოა, იმავე დღეს მიიღონ, თუმცა არსებობს გადადების შესაძლებლობაც, თუ მხარეების მოთხოვნას სასამართლო დააკმაყოფილებს.

ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ლიდერების დაკავების ორდერი 3 ნოემბერს გასცა. კატალონიის ყოფილ პრეზიდენტსა და მთავრობის ყოფილ წევრებს ამბოხებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ ბრალი.