კარლეს პუიჩდემონი რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს 
კარლეს პუიჩდემონი რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს 

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კარლეს პუიჩდემონმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. მისი კანდიდატურა 21 დეკემბერს დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებზე „ერთად კატალონიისთვის“ ბლოკის სახელით იქნება წარმოდგენილი. პარტიული სია კი, პუიჩდემონმა საზოგადოებას ბელგიის ქალაქ ბრიუგეს ერთ-ერთ სასტუმროში გააცნო. მისი თქმით, რეგიონულმა არჩევნებმა კატალონიელების დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილის „რატიფიცირება“ უნდა განახორციელოს.

27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა პირველ ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის შედეგებით, რეგიონის ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ ნაბიჯიდან ერთი საათის შემდეგ, ცენტრალურმა მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რეგიონული მთავრობა დაითხოვა, კატალონია ცენტრალურ ხელისუფლებას დაუქვემდებარა და რეგიონში ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

2 ნოემბერს კი, ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ჟენერალიტეტის წევრების დაპატიმრების ორდერი გასცა. ასევე, გამოიცა დაკავების საერთაშორისო ორდერი ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონისა და მისი 4 თანამებრძოლის მიმართ. კატალონიის ყოფილი მეთაურის ექსტრადირების საკითხს 4 დეკემბერს ბელგიის სასამართლო გადაწყვეტს.