კარლეს პუიჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს
კარლეს პუიჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს

კარლეს პუიჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს. ამის შესახებ კატალონიის ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარემ როჟე ტორენტმა საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ მას კანონიერი უფლება აქვს იყოს კანდიდატი“, – აღნიშნა როჟე ტორენმა.

მისი თქმით, პუიჩდემონი ერთადერთი კანდიდატი იყო აღნიშნულ თანამდებობაზე. კატალონიის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე პუიჩდემონის კანდიდატურას რეგიონული პარლამენტი 31 იანვარს უყრის კენჭს.


კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან მარიანო რახოისთან და კარლეს პუიჩდემონთან მოლაპრაკებების გამართვას გეგმავს.
როჟე ტორენტი ასევე კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა, ის რეგიონული პარლამენტის სპიკერად 17 იანვარს აარჩიეს.


დღეს კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბელგიიდან დანიაში გაემგზავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, რის შემდეგაც ესპანეთის პროკურატურამ სასამართლოს მისი დაკავების საერთაშორისო ორდერის ხელახლა გაცემის თხოვნით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი კარლეს პუიჩდემონს უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში სდებს ბრალს და მის დაპატიმრებას ითხოვს.