კარლეს პუიჩდემონი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას აფრთხილებს
კარლეს პუიჩდემონი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას აფრთხილებს

კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუიჩდემონი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას აფრთხილებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ბარსელონაში შეკრებილ მის მხარდამჭერებს უჩვენეს, პუიჩდემონი ამბობს, რომ 21 დეკემბრის არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

კატალონიის ყოფილი ლიდერის თქმით, ამის საფუძველს დამოუკიდებლობის მომხრე ძალების უმრავლესობაში ყოფნა აძლევს, რაც აისახება კიდეც ხმის მიცემის დროს.

პუიჩდემონი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. 14 დეკემბერს გაირკვევა, გაიზიარებენ თუ არა ბრიუსელში ესპანეთის მთავრობის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს.

კატალონიის ყოფილ ლიდერს ბრალად 27 ოქტომბრის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორობა, მთავრობის ოთხ ყოფილ წევრთან ერთად საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვა, დაუმორჩილებლობა და ამბოხების მოწყობის მცდელობა ედება.

პუიჩდემონის პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია ლიდერების დაუსწრებლად დაიწყო. მათი უმეტესობა ან დაკავებულია, ან საზღვარგარეთაა გაქცეული.

პარალელურად, ბარსელონის ქუჩებში ათასობით ადამიანმა ორი დაკავებული პოლიტიკოსის გათავისუფლება მოითხოვა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ორიოლ ხუნკუერასი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ხოაკიმ ფორნი, პატიმრობის გამო, 21 დეკემბრის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ვერ იღებენ.

კატალონიის მომავალს საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არჩევნების დასრულებამდე, კარლეს პუიჩდემონი ბელგიაში აპირებს დარჩენას.