კარლ ჰარცელი - ქართულ მედიაში ბალანსის დონე და პროფესიონალიზმი ყოველ არჩევნებთან ერთად იზრდება
კარლ ჰარცელი - ქართულ მედიაში ბალანსის დონე და პროფესიონალიზმი ყოველ არჩევნებთან ერთად იზრდება

ქართულ მედიაში ბალანსის დონე და პროფესიონალიზმი ყოველ არჩევნებთან ერთად იზრდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

„პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ მაღალ დაინტერესებას იწვევს ჩვენი დღევანდელი ღონისძიება და მედიამონიტორინგი წინასაარჩევნო გარემოში, რადგან მედიაგარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს არჩევნების ჩატარებასა და მიმდინარეობაზე. ეს არ არის პირველი არჩევნები, რომლის დროსაც ჩვენ მედიამონიტორინგს ვატარებთ. ანგარიშებში არის მოცემული როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მონაცემები. ასე რომ, ეს ანგარიშები წარმოადგენს ძალიან საინტერესო შეფასებას, თუ რა ხდება მედიაში. რამდენიმე ტრენდი მინდა გამოვყო. დადებითი ტრენდია, რომ ზოგადად ბალანსის დონე ქართულ მედიაში მაღლა იწევს და ყოველ არჩევნებთან ერთად, პროფესიონალიზმი იზრდება. ეს ეხება პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებას, თუმცა რაც მომხვდა თვალში, არის ის, რომ სიძულვილის ენა კვლავ არის პრობლემა, თუმცა არა ყველა მედიასაშუალებისთვის. ეს არათანაბრად არის გადანაწილებული, მაგრამ ისევ ვსაუბრობთ სიძულვილის ენაზე“, – აღნიშნა კარლ ჰერცელმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოვლენების სიღრმისეული, თანმიმდევრული გაშუქება, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა განცხადებას.

„ჩვენ ველოდებით ჟურნალისტებისგან, რომ ასე არ დატოვებენ გაკეთებულ განცხადებებს და შემდეგ მიადევნებენ თვალს, რა მოხდა ამ განცხადების გაკეთების მიღმა, როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები. უფრო მეტი სიღრმისეული ანალიზი და თვალის მიდევნება იქნება საჭირო ჟურნალისტების მხრიდან“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები ევროკავშირმა, გაერო-ს განვითარების ფონდმა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, „ინტერნიუსმა“ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა წარმოადგინეს.