კარლ ჰარცელი - ყოველ ოთხ წელიწადში გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც, თქვენი აზრით, უკეთ ამართლებენ მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ
მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი, შეხსენება ყველასთვის, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
ელჩის თქმით, როგორც რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს.
ამასთან, ელჩის განცხადებით, „მოკლევადიან პერსპექტივაში ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის გაზომვას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები“.
„იმისთვის, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი და ქმედითი მოქალაქე, საჭიროა, იყოთ კარგად ინფორმირებული. ამიტომ, გირჩევთ, დარჩეთ პროცესში ჩართული და მოიძიოთ ობიექტური ინფორმაცია. დეზინფორმაცია ისედაც ბევრია, მაგრამ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვერ მოტყუვდება. მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი – ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებიგან. და ბოლოს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც, თქვენი აზრით, უკეთ ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ“, – განაცხადა ჰარცელმა.