კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე ვიხილავ პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო გაძლიერდეს შეთანხმება
კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე ვიხილავ პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო გაძლიერდეს შეთანხმება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიები მიმდინარეობს და ელოდება, რამდენად შეძლებენ მხარეები აუცილებელ კომპრომისებთან დაკავშირებით შეჯერებას, რათა წინ წაიწიონ 19 აპრილის შეთანხმებაში.

„იმ პოზიციაში არ ვარ, რომ განვსაჯო, თუ როგორაა საქმეები, თუმცა პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიები მიმდინარეობს და განხილვები კვლავ იმართება დღეს. ველოდები, რამდენად შეძლებენ მხარეები აუცილებელ კომპრომისებთან დაკავშირებით შეჯერებას, ვიმედოვნებ, ერთობლივად, რათა წინ წაიწიონ ამ მნიშვნელოვან შეთანხმებაში, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებით ვიცნობთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტებს, ჰარცელის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ განაგრძოს დისკუსიები, თუ რა ტიპის ამნისტიის შესახებ კანონის ნახვა სურთ.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მაგრამ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ორი პროექტია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სხვადასხვა პოლიტიკურამ პარტიამ განაგრძოს დისკუსიები, თუ რა ტიპის ამნისტიის შესახებ კანონის ნახვა სურთ. ჩემთვის ნაადრევია იმის თქმა, თუ რაზე შეჯერდებიან. ამ კანონებს შორის არსებობს მსგავსებები და განსხვავებები“, – განაცხადა ჰარცელმა.

გარდა ამისა, ელჩის განმარტებით, იმედი აქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასევე შევა პარლამენტში.

„ვიმედოვნებ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე ვიხილავ პარლამენტში შესულს, ეს უდიდესი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც მონაწილეობას იღებდა მრავალ დისკუსიაში, თავიდან ფასილიტაციაში, მოგვიანებით კი, მედიაციის პროცესში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს შეთანხმება, უზრუნველყოფილ იქნას, რომ ეს შეთანხმება ახალ ეტაპს ხსნის კრიზისიდან და ქუჩიდან პარლამენტში შესვლამდე, ეს მნიშვნელოვანია და ამის იმედი მაქვს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.