კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, სასარგებლო სამუშაოები ჩატარდა „ამნისტიის შესახებ“ კანონზე, მნიშვნელოვანია იმავე სულისკვეთების ნახვა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით
კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, სასარგებლო სამუშაოები ჩატარდა „ამნისტიის შესახებ“ კანონზე, მნიშვნელოვანია იმავე სულისკვეთების ნახვა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სასარგებლო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც ჰარცელი აცხადებს, პოზიტიურად არის განწყობილი იმ სამუშაოების მიმართ, რაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხორციელდება.

„ვფიქრობ, სასარგებლო სამუშაოები ჩატარდა „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, პოზიტიურად ვარ განწყობილი იმ სამუშაოების მიმართ, რაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კეთდება. ჩვენ მალე ვნახავთ ვენეციის კომისიას და ოდირს, რომლებიც დაბრუნდებიან მათი შეხედულებებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განცხადა, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მუშაობის დროსაც ისეთივე სულისკვეთებაა საჭირო, როგორიც საარჩევნო რეფორმის შემთხვევაშია.

„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამ მიმართულებით მუშაობა ახლა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია იმავე სულისკვეთების ნახვა. როდესაც სასამართლო და კანონის უზენაესობის ინსტიტუტებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის საკითხია. ეს ის სიტყვაა, რასაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ და ნდობა მოდის ობიექტური ფაქტებიდან, მაგრამ ასევე სუბიექტური ფაქტებიდან. ამის დაძლევისა და ფართო საზოგადოებაში ნდობის მოპოვების საუკეთესო გზა არის დარწმუნება, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ 19 აპრილის შეთანხმება იქნება სამუშაო გეგმა“, – განაცხადა კარლ ჰარცელი.

კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საწყისი წერტილი, რაც არის კანონპროექტებთან დაკავშირებით, ტოვებს შესაძლებლობას, ყველა მხარე შეიკრიბოს ერთი დოკუმენტის ირგვლივ.

„ვფიქრობ, საწყისი წერტილი, რაც გვაქვს ამ ორი თუ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად პარლამენტშია, ტოვებს შესაძლებლობას, რომ ყველა მხარე შეიკრიბოს ერთი დოკუმენტის ირგვლივ, რაც 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულებაა“, – განაცხადა ჰარცელმა.