კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, დროა, დავიწყოთ ეუთო-ს ანგარიშში არჩევნების შესახებ მოხსენიებულ რეკომენდაციებზე მსჯელობა და ერთობლივად შევიმუშაოთ გეგმა
კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, დროა, დავიწყოთ ეუთო-ს ანგარიშში არჩევნების შესახებ მოხსენიებულ რეკომენდაციებზე მსჯელობა და ერთობლივად შევიმუშაოთ გეგმა

ვფიქრობ, დროა, დავიწყოთ ფიქრი და მსჯელობა ყველა რეკომენდაციაზე, რომელიც არჩევნების შესახებ ეუთო-ს ანგარიშშია მოხსენიებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთობლივად უნდა შემუშავდეს გეგმა, რომელიც აუცილებელია მომდევნო არჩევნებამდე.

„ვუბრუნდებით თემატიკას, რომელიც არჩევნების შემდეგ გაშლილია ეუთო-ს ანგარიშში. ვფიქრობ, ეს ის დროა, როდესაც უნდა დავიწყოთ ყველა რეკომენდაციაზე ფიქრი და მსჯელობა, რომელიც მოხსენიებულია ეუთო-ს ანგარიშში და ერთობლივად შევიმუშავოთ გეგმა, რომელიც აუცილებელია შემდგომი 10-12 თვის განმავლობაში. ეს სწორედ ის პერიოდია, რაც არის დარჩენილი მომდევნო არჩევნებამდე და ჩვენ ამ რეკომენდაციის შესრულება შეგვეძლება“, – განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, მომდევნო არჩევნებამდე მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო.

„ამ პერიოდის შემდეგ ჩვენ უკვე არჩევნების წინაშე ვიქნებით, ამიტომ ამ დრომდე, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავწიოთ. ამ პროცესში აუცილებელია ყველა მხარის ჩართულობა, მაგრამ ბუნებრივია, წამყვანი და უზარმაზარი როლი ექნება პარლამენტს, თუმცა მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას აქვს უზარმაზარი ადგილი მთელს არ პროცესში“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

მისი შეფასებით, დრო ძალიან ცოტაა და დღევანდელი კონფერენცია რეკომენდაციების გააზრების დასაწყისია.

„ვფიქრობ, დრო არის ძალიან ცოტა და დღევანდელი შეხვედრა არის ამ პროცესისა და რეკომენდაციების გააზრების დასაწყისი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის სამომავლოდ და იმედი მაქვს, დღეს ნაყოფიერად დავიწყებთ ამ თემატიკაზე მსჯელობას“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისი შეფასებით, ეუთო-ს ანგარიშში ნათლადაა მოცემული ყველა რეკომენდაცია.

„ეს რეკომენდაციები უნდა ავიღოთ, როგორც საზომი. მათი შესრულება როგორ ხდება, ვფიქრობ, უმთავრესი ელემენტებია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსების თემატიკა და პარტიული და სახელმწიფო რესურსების გამიჯვნა. ყველა რეკომენდაციას არ ჩამოვთვლი. ეს რეკომენდაციები ჩვენთვის არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ 2020 წლის არჩევნებამდე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა კონფერენციის დაწყებამდე.

სასტუმროში „ბილტმორ თბილისში“ თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ კონფერენცია იმართება.